ბლოგი

ანტისეპტიკი – როგორ დავამზადოთ სახლში

antiseptic recipe

ალბათ არასდროს ყოფილა მსოფლიო ისეთი ერთიანი, როგორიც ის კორონავირუსთან ბრძოლამ აქცია.

ახალ ამბებში, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში ყოველდღიურად ვხედავთ მარკეტების დაცარიელებულ დახლებს – საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

ცხადია, პანიკამ დეფიციტური პროდუქტების სიაში პირველ ადგილას ანტისეპტიკური საშუალებები მოაქცია. არადა ვირუსებისგან თავდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წესი სწორედ ხელების დეზინფიცირებაა.

ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ მარტივი რეცეპტი, რომლის დამზადებასაც სახლის პირობებშიც უპრობლემოდ შეძლებთ და რომელსაც რეკომენდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უწევს.

მანამ კი ცოტა რამ, რაც უნდა იცოდეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალების შესახებ:

  • იმისთვის, რომ ვირუსები და მიკრობები მაქსიმალურად განადგურდეს, პროდუქტი მინიმუმ 60% ალკოჰოლს უნდა შეიცავდეს
  •  ალკოჰოლის მაღალი შემცველობის მიუხედავად, ანტისეპტიკი ვერ იქნება ეფექტური ჭუჭყიან კანზე, ამიტომ ხელების ხშირი დაბანა სავალდებულოა დეზინფიცირების პარალელურადაც. ჯანმო-ს რეკომენდაციით კი ხელები საშუალოდ 20 წამის განმავლობაში უნდა დავიბანოთ

1 ლ ანტისეპტიკური საშუალების მოსამზადებლად საჭიროა*:

  • ალკოჰოლი (ეთანოლი) 96% – 833,3 მლ
  • წყალბადის ზეჟანგი 3% – 41,7 მლ
  • გლიცერინი (გლიცეროლი) – 14,5 მლ
  • სტერილურად გამოხდილი ან გადადუღებული და გაციებული წყალი – 110,5 მლ

მომზადების წესი: დეზინფიცირება გაუკეთეთ ჭურჭელს, რომელშიც აპირებთ პროდუქტის მომზადებას. ამისათვის შესაძლებელია სპეციალური სტერილიზატორი დანადგარის გამოყენება,  ალკოჰოლით დამუშავება, ან ჭურჭლის მდუღარე წყალში 3 წუთის განმავლობაში მოთავსება (თუკი მასალა უძლებს მაღალ ტემპერატურას). გაითვალისწინეთ, რომ ჭურჭელი ჰერმეტულად უნდა იხურებოდეს.

აწონეთ ალკოჰოლის, წყალბადის ზეჟანგის და გლიცერინის საჭირო რაოდენობა და მოათავსეთ ერთიან ჭურჭელში. დაახურეთ თავზე და კარგად შეანჟღრიეთ. დაამატეთ გამოხდილი / გადადუღებული წყალი, დახუფეთ და ანჯღრიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გადაანაწილეთ საბოლოო მოხმარების ჭურჭელში (30-100 მლ-იანი PET შეფუთვა მაგალითად, სპრეი თავსახურით). გამოყენებამდე დატოვეთ 72 საათის განმავლობაში დახურულ მდგომარეობაში.

აქვე გიზიარებთ იმ მცენარეების მცირე ჩამონათვალს, რომლებსაც გააჩნიათ ანტისეპტიკური თვისებები**:

  • ევკალიპტი
  • ნიორი
  • გვირილა
  • ხახვი
  • პიტნა
  • როზმარინი
  • ტარხუნა
  • კატაბალახა
*https://www.who.int/gpsc/5may/Guide_to_Local_Production.pdf?fbclid=IwAR19vkLn_dmvjSM8G0zsH1cN-QYbRK3jyoDoBrviWUOxj7V2nBiHitalSs0
**Khanam, S. & Asfar, Z. 2013. Herbal Disinfectants: A Review. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.