News, ბლოგი

შეგრძნებების ლაბირინთში

როცა თავის მოვლის რიტუალი მოგზაურობად შეიძლება იქცეს

 

Georgian Vinotherapy / ქართული ვინოთერაპია, Subtropical Garden / სუბტროპიკული ბაღები და Georgian Forest / საქართველოს ტყე – “კაშკაშის” (KÁSHKASH) ის სამი ძირითადი კოლექციაა, რომლებიც 2020 წლიდან Radisson Hotels Georgia-ს სპების პროფესიონალურ პროცედურებსა თუ საცალო გაყიდვაში გამოჩნდა. იმისათვის, რომ ძვირფასი ეთერზეთებისა და მცენარეული ექსტრაქტების ნაზავით შექმნილი ეს პროფესიონალური კოლექციები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო მომხმარებლისთვის, ბრენდმა რამოდენიმე ნაბიჯი დაგეგმა. პირველ რიგში გამოუშვა სახლის სპა ხაზი, რომელიც ამ სამი კოლექციის სხეულის ზეთს, სკრაბს, აბაზანის მარილსა და აბაზანის ბომბს აერთიანებს. სულ ცოტა ხანში, ამ ხაზის თავის მოვლის საშუალებები საქართველოს სხვადასხვა სასტუმროებში დაგხვდებათ. აბა წარმოიდგინეთ, შედიხართ სასტუმროს ოთახში და სააბაზანოში ეს ჯადოსნური ეთერზეთები გხვდებათ. არა, მათი წამოღება აღარ დაგჭირდებათ და არც აუცილებლად სპა სალონების სტუმრობა მოგიწევთ იმისათვის, რომ “კაშკაშის” არომამოგზაურობაში ამოჰყოთ თავი. სულ ახლახანს ბრენდმა ამ კოლექციის თავის მოვლის საშუალებების სამოგზაურო ნაკრებები შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სექტემბრის ბოლოს გაიმართა.

 

„ახლა თქვენი მოგზაურობა იწყება. გთხოვთ, ნიღაბი მოირგოთ თვალებზე და გამოგვყვეთ“ – მითხრეს როგორც კი მაღაზიაში IERI, “კაშკაშის” თავის მოვლის სამოგზაურო ნაკრებების პრეზენტაციაზე მივედი. თავიდანვე გამაფრთხილეს, მართალია ნამდვილ მოგზაურობაში ვერ გეპატიჟებით, თუმცა სპირიტუალურ თავგადასავლებს დღეს ნამდვილად გპირდებითო. Georgian Vinotherapy, Subtropical Garden და Georgian Forest-ის თემატურად მორთულ მაგიდებთან სპეციალურ ფორმებში გამოწყობილ ქალებს მოვკარი თვალი. მივხვდი, ჩემი ახალი გიდი მოგზაურობას სწორედ მათგან დამაწყებინებდა.

 

მოგზაურობა “კაშკაშის” სურნელოვანი ეთერზეთებით დაიწყო

 

ნიღაბი მოვირგე და ნესტოებთან მოტანილი სურნელები ხარბად შევისუნთქე. უცნაური შეგრძნება ყოფილა თვალაკრული ყოფნა. თითქოს აღქმის მთავარი სენსორი გაგეთიშა და ადაპტაციისთვის, ახლების აღმოჩენას იწყებ – ყნოსვა, შეხება, სმენა. „თქვენ აირჩიეთ Georgian Vinotherapy-ს გლინტვეინის ხაზი, ხელი მომკიდეთ და მომყევით“, – მეუბნება ხმა. არადა როგორც ტროპიკული ხილის დიდმა მოყვარულმა წინასწარ ვიცოდი, არჩევანი Sutropical Garden-ზე უნდა შემეჩერებინა. ეს ალბათ, დარიჩინისა და მიხაკის ნოტების ბრალიამეთქი და სკამზე მოკალათებულმა, მასაჟისთვის ხელი გავუწოდე ნანიკოს. ამ ხაზში “კაშკაში” ქართული მეღვინეობის ნარჩენების აქტიურ ინგრედიენტებსა და ყურძნის წიპწის ზეთს იყენებს, რომელსაც საოცარი სინაზით ერევა დარიჩინისა და მიხაკის ექსტრაქტები, ტკბილი ფორთოხლის ეთერზეთი, ნუშის დამარბილებელი ზეთი.

 

ხელის მასაჟი Georgian Forest-ის სხეულის ზეთით

 

ნანიკო მიყვება, რომ წინანდლის მამულებში, რადისონ ქოლექშენის სპაში, სადაც ის მუშაობს სტუმრების უმეტესობა სწორედ “კაშკაშის” ანტიოქსიდანტურ Georgian Vinotherapy-ს ირჩევს და ყველა იმ დეტალის ჩამოთვლას იწყებს, რაც ჩემს წარმოსახვით მოგზაურობას ამძაფრებს – ზურგის 30-წუთიანი მასაჟით დაწყებული, შესაძლებელია 5 საათიანი განცხრომის პროცედურაში ჩაძირვა, სადაც ჯერ წიპწის სკრაბით მუშავდება მთელი სხეული, შემდეგ გარკვეული დრო “კაშკაშის” ფელამუშის ნიღაბში გახვევენ, რასაც 1-საათიანი არომათერაპიული მასაჟი მოყვება და ეს ყველაფერი, 1-საათიანი სახის მასაჟით გვირგვინდება. ჩემი გიდის ხმა მაფხიზლებს – “მასაჟი დასრულდა, დროა ნიღაბი მოიხსნათ და აქეთ სივრცეში გადმოინაცვლოთ”. ვაკვირდები ოთახში მყოფ ჯერ კიდევ თვალახვეულ სტუმრებს და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ახლა უკვე Georgian Forest-სა და Subtropical Gardens ვსტუმრობ. Georgian Forest-ში საქართველოს ტყეებში მოპოვებული ევკალიპტის, ფიჭვისა და კედრის ესტრაქტების ნაზავია ქოქოსის ზეთსა და ნახშირთან ერთად; მისი ნოტები საკმაოდ დასამახსოვრებელი და ძლიერია; ხოლო Subtropical Gardens-ით შავი ზღვის სანაპიროზე იმოგზაურებთ, სადაც ლიმონის, ფორთოხლისა და გრეიფრუტის მოტკბო-მომწარო ეთერზეთები დაგახვევენ თავბრუს.

 

ვინოთერაპია Georgian Vinotherapy-ის მოყვარულთათვის

 

ოთახის კუთხეში, გრძელ მაგიდასთან მოკალათებულ სტუმრებს ვამჩნევ. „გიცდიათ ოდესმე ღვინით ხატვა?“ – მეკითხება მასპინძელი და ვხვდები, შეგრძნებების მოგზაურობის ახალ ეტაპზე გადავდივარ. არადა, რა უცნაური გრძნობაა, როცა ვერ ხვდები – მოწრუპო თუ ფუნჯი უნდა ჩააწო ღვინოში. ქაღალდის სპეციალურად გამზადებულ ფორმებს მაწვდიან. საფერავი ფურცელზე ჯერ ვარდისფრად ჯდება, შემდეგ კი მუქ შეფერილობას იღებს და მთელი ეს ტრანსფორმაცია წამებში, შენს თვალწინ ხდება. აი გვერდით, ფარდით გამოყოფილ ოთახში კი, ნამდვილი მაგია ბობოქრობს. შესასვლელთან მოფუსფუსე სტუმრებს ვაკვირდები, ტაროს ბანქოზე მკითხაობა და მომავლის კუნჭულებში მოგზაურობა, ალბათ საკმაოდ თავშესაქცევი რამ შეიძლება იყოს.

 

“კაშკაშის” დამფუძნებელი ქეთო გიორგობიანი სტუმრებთან ერთად

 

-”ბევრი დრო აღარავის გვაქვს და სწორედ ამიტომ, ამ სამოგზაურო ნაკრებებისთვის ჰიბრიდული პროდუქტები შევქმენით”, – მეუბნება ქეთო, “კაშკაშის” დამფუძნებელი და ნაკრების შიგთავს მაჩვენებს, სადაც შხაპის/ხელის დასაბანი გელი, შამპუნი/კონდიციონერი და ტანის დამატენიანებელი ლოსიონია. სპეციალურად შექმნილი კოსმეტიკის ჩანთა კი, რომელიც ამ არომატებს ნაკრებად აქცევს, ჩათვალეთ რომ ცალკე საჩუქარია, ფუნქციურიც და კოხტაც. შეფუთვებს გულმოდგინედ ვათვალიერებ და მის არომატებზე ვეკითხები. -”ამჯერად, შამპუნი/კონდიციონერი გამჭვირვალე, სურნელის გარეშე დავტოვეთ. ასე გადავწყვიტეთ. ზოგჯერ სიჩუმეც ხომ საჭიროა იმისათვის რომ კარგი მუსიკა შექმნა, სწორი პაუზა უნდა გააკეთო”, – ამატებს ქეთო და ახალი სტუმრის შესახვედრად მიდის.

მე კი, თვალი ტაროს ბანქოს ოთახისკენ გამირბის და უცნაური ნივთებით მორთულ ოთახში, არც ისე თამამად შევდივარ. კმაყოფილი გამოვედი. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც მინდამეთქი და ახლაღა შევამჩნიე რა დრო გასულა, პრეზენტაციის საღამო სრულდებოდა, მაღაზიის ვიტრინებიდან კი უკვე კარგად გაჩახჩახებული ქალაქი ჩანდა. სახლამდე ფეხით გადავწყვიტე წასვლა, არ მინდოდა რამეს ჩემი მყუდროება დაერღვია. სახლში მისულს, ჯერ ისევ დარიჩინისა და მიხაკის მათრობელა სურნელი მიღიტინებდა ცხვირში.

 

Subtropical Garden – თავის მოვლის საშუალებების სამოგზაურო ნაკრები

ავტორი: უნა აბაშიძე

ფოტო: ირაკლი ღვინიაშვილი