ბლოგი

5 მითი “აქტიური ინგრედიენტების” შესახებ

ნიაცინამიდი, პეპტიდი, ენზიმი — მსგავსი უცნაური ტერმინების პოპულარობა სულ უფრო მატულობს. ინდუსტრია სწრაფი ტემპით წარმოშობს მორიგი ნივთიერების კულტს, რომლის მეშვეობითაც ახალ პროდუქტებს არეკლამებს. თუ კოსმეტიკა იყოფოდა დანიშნულების მიხედვით — მაგალითდ, გამწმენდი, ტონიკი, დამატენიანებელი — დღეს საშუალებებს ხშირად აქტიური ინგრედიენტების მიხედვით ვასხვავებთ.

ქეთოსთან ერთად ვეცადე, გაგვეხსენებინა მითები, რაც ეგრედ წოდებულ “გმირ” ინგრედიენტებზე გვსმენია და შემდეგ დაგვემსხვრია, ან პირიქით, გაგვემყარებინა ისინი.

Მითი N1: აქტიური ინგრედიენტი ახალ, განსაკუთრებულ ნივთიერებას მოიაზრებს

“აქტიური ინგრედიენტის” ასე მძაფრად წინ წამოწევის მცდელობა არის კომეტიკური ინდუსტრიის მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი.

“აქტივებად” ცნობილი ნივთიერებები ადრეც არსებობდა კანის მოვლის საშუალებებში (რეტინოიდები, ABC ვიტამინები, მჟავები, ჰიალურონი, ა.შ., უბრალოდ ამჟამად აქცენტი კონკრეტულად მათზეა, ნაცვლად ზოგადად საშუალების ფუნქციისა. მაგალითად, თუ პირობითად ლოსიონს ერქვა დამატენიანებელი, ახლა ის პოზიციონირებს, როგორც “ლოსიონი x ჰიალურონის მჟავით”— Ძირითად შემთხვევებში საქმე გვაქვს ძველი შინაარსის ახალი ფორმით გადმოცემასთან. ხაზგასასმელია შრატების ფაქტორიც — სწორედ მათი სახით გაჩნდა კოსმეტიკაში მიმართულება, რომელიც ცალკეული, ტრენდული ინგრედიენტის გარშემო პროდუქტის გაპიარების შესაძლებლობას იძლევა. Არსებობს ბრენდები, რომლებიც 50-მდე დასახელების შრატის გაყიდვას სწორედ ცალკეულ აქტიურ ნივთიერებაზე ფოკუსირებით ახერხებენ.

 

Მითი N2: აქტიური ინგრედიენტი პროდუქტის ეფექტურობის მთავარი განმსაზღვრელია

თუკი რამდენიმე წლის წინ კოსმეტიკური პროდუქტის არჩევისას მომხმარებელი უყურებდა ბრენდს, შეფუთვასა და ბილბორდზე გაკრული მოდელის მაცდურ მზერას, ახლა მთელი მისი ყურადღება აქტიურ ინგრედიენტებზეა. თუმცა, ამ ერთი შეხედვით პროგრესულ ცვილილებას თან ახლავს ახალი გამოწვევები. საქმე ისაა, რომ ქიმიური ტერმინების მოზღვავება საზოგადოებაში ხშირად ფსევდო-მეცნიერულ პროპაგანდას უწყობს ხელს, რომელსაც უცოდინარ ბლოგერთა უსასრულო ჯარი კვებავს (საბედნიეროდ, კომპეტენტურებიც არსებობენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორად ავარჩიოთ, ვის რჩევას ვენდოთ). მომხმარებელს ექმნება ილუზია, რომ ის ინფორმირებულ არჩევანს აკეთებს. არადა ცალკეული ინგრედიენტი არაფერს ამბობს საშუალების ეფექტურობაზე — პროდუქტის ხარისხს არა მხოლოდ ერთი რომელიმე ინგრედიენტი, არამედ სწორად შედგენილი კოსმეტიკური ფორმულა განსაზღვრავს.

 

Მითი N3: ძლიერი აქტიური ინგრედიენტი კანისთვის აუცილებელობას წარმოადგენს

როდესაც საშუალება საოცარ დაპირებებს იძლევა, მას კანის დაზიანების მეტი პოტენციალი გააჩნია. აქტიური ინგრედიენტის შემცველი პროდუქტისგან მომხმარებელს დიდი მოლოდინი აქვს; ის ორიენტირებულია სწრაფ შედეგზე, რაც ზოგი ნივთიერების შემთხვევაში გრძელვადიანი ინტენსიური გამოყენება კანისთვის მავნეა. Მჟავების მაგალითი რომ ავიღოთ: მართალია, გლიკოლის მჟავის მაღალპროცენტიანმა ტონიკმა შეიძლება მყისიერი ეფექტი მოგვცეს, მისი გადაჭარებული მოხმარება წლების მანძილზე ასუსტებს კანის ბარიერულ ფუნქციას. აქტიური ინგრედიენტები კანის ტიპისა და მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს, საშუალების ინტენსივობა კი ყოველთვის ეფექტურობის ტოლფასი არაა.

 

Მითი N4: რაც მეტ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას ჩავრთავთ კანის მოვლის რუტინაში, მით უკეთესი იქნება შედეგიც

არ აქვს მნიშვნელობა, სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტების შრატებს ვიხმართ ერთმანეთზე მიყოლებით თუ ერთ საშუალებას, რომელშიც მრავალი ასეთი ნივთიერებაა თავმოყრილი—ორივე შემთხვევაში კანი იბნევა და ვერ წყვეტს, რომელი ბრძანება შეასრულოს. გარდა იმისა, რომ გარკვეული აქტივების კომბინაციას გადაჭრით კრძალავენ დერმატოლოგები (მაგალითად, მჟავებისა და რეტინოიდების), ორ, მაქსიმუმ სამ აქტიურ ნივთიერებაზე მეტის გამოყენება ერთ ჯერზე არაა მიზანშეწონილი. უმჯობესია, კანმა გააკეთოს ცოტა, მაგრამ ხარისხიანად.

 

Მითი N5: ბუნებრივი ინგრედიენტი ყოველთვის კარგია, ხოლო სინთეტიკური — ყველა შემთხვევაში ცუდი

მიგვაჩნია, რომ ბოტანიკური ესქტრაქტები და ზეთები სინთეთიკურ ნივთიერებეთან შედარებით კანს უფრო კომპლექსურად კვებავს. თუმცა, აქაც ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი—ნატურალურიც შეიძლება იყოს დაბინძურებული გარემოდან მოპოვებული. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ინგრედიენტი აკმაყოფილებდეს 3 ძირითად კრიტერიუმს: არ ვნებდეს, არ აზიანებდეს და ასრულებდეს დანაპირებს, ანუ თავის თერაპიულ ბენეფიტებს. ამასთან ერთად, არც სინთეთიკური ნივთიერება ნიშნავს აუცილებლად ცუდს. არსებობს სასარგებლო ინგრედიენტები, რომლებიც უმეტესწილად სინთეტიკური გზით არის გამოყვანილი (მაგალითად ალანტოინი, პანტენოლი – იგივე პროვიტამინ ბ5 და სხვ.), თუმცა ისინი ეთიკური გზით მზადდება და მათი მცირე დოზით ფორმულაში გამოყენება არ ეწინააღმდეგება ბუნებრივი კოსმეტიკის გლობალურ სტანდარტს.

 

კოსმეტიკური ინდუსტრია ვითარდება და იცვლება. აქტიური ნივთიერების კონცეფცია კი ასოცირებულია გადაჭარბებული საშუალებების მოხმარებასთან, რისი გამოძახილიცაა 12-საფეხურიანი კანის მოვლის რუტინისა და მრავალი შრატის ერთბაშად ხმარების პოპულარობა.

ჩვენ გვჯერა ზომიერების და იმის, რომ ბუნება საკმაოდ მძლავრი ლაბორატორიაა, რომელიც საუკეთესო აქტიური მოქმედების ნივთიერებებით გვამარაგებს. ჩვენ არ ვცვლით თქვენს კანს — ჩვენ ვასწავლით მას პრობლემების დაძლევას. ბუნება კი ამ პროცესში საუკეთესო დამხმარეა.

კაშკაშა პროდუქტები ჩვენი საყვარელი აქტივებით:

  • Flower Power კოლეექცია (ალანტოინი, ლავანდისა და კალენდულას ექსტრაქტები)
  • არომათერაპიული სანიტაიზერი (პანთენოლი)
  • გლინტვეინის კოლექცია (ვიტამინი E, მიხაკის, დარიჩინის, ანისის ვარსკვლავისა და არქტიკული შტოშის ექსტრაქტები)
  • Naked Truth შეფერილი შრატი (ვიტამინი E, როზმარინის ფოთლის, გვირილისა და კალენდულას ექსტრაქტები)

ავტორი: ეკა ლოლაშვილი