სოციალური მედიის ოინები
რა მოხდებოდა, ინსტაგრამ ფილტრები პირდაპირ თვალში რომ ჩავიმონტაჟოთ? ყოველდღე რომ შეგვეძლოს ჩვენთვის სასურველი ვიზუალის არჩევა ხასიათიდან გამომდინარე. აი, მაშინ ნახეთ 70 წელს გადაცილებული ქალები ფორებწაშლილი, გადატკეცილი კანით, ბუთქუნა ტუჩებითა და ცამდე აზიდული ღაწვებით, 12 წლის გოგონები მონიკა ბელუჩის ფორმებითა და მელოტი, მსუქანი მამაკაცები ბრედ პიტის ფასადით. ამ სევდიან, ერთფეროვან სამყაროში გარეგნობას მზა შაბლონებიდან ავარჩევდით – ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. .
ნაცნობი სცენარია?
ამას წინათ ინსტაგრამის ფილტრებით თამაშში ჩავები. მომწონს ჩემი თავი გასხივოსნებული კანითა და შევსებული ტუჩებით. ვიშორებ ფილტრს და გული მეჩუტება. თურმე რამდენი ნაოჭი გამჩენია, როგორ მოვბერებულვარ. . არადა მგონია, რომ არ მტანჯავს არასრულფასოვნების კომპლექსი.
თავს ვაჯერებ, რომ მიღებული მყავს ჩემი თავი ისეთად, როგორიც ვარ, მაგრამ ფილტრი მაინც სხვა აზრზეა. შეუძლებელია ფილტრს აჯობო, ან დაეწიო. რაც არ უნდა შეუშვა კანში და როგორც არ უნდა “გალამაზდე”, ის მუდამ დაგჩაგრავს.
ეს ვითომ უწყინარი ფილტრი სინამდვილეში დიდი ბოროტებაა, მგელი კრავის სამოსით. დისმორფიული და კვებითი აშლილობები (ბულემია, ანორექსია) თუ ფოტოშოფის თაობაში აფეთქდა, წარმოიდგინეთ, რა ელის ინსტაგრამისა და ტიკტოკის თაობას. ბავშვების, განსაკუთრებით გოგონების ცხოვრებაში ფილტრებს უკვე მცირე ასაკში აქვთ თავი დამკვიდრებული. მათთვის ზღვარი რეალობასა და ვირტუალურს შორის დროსთან ერთად სულ უფრო იშლება.
პლასტიკური ქირურგიის ინდუსტრია ააყვავა სოციალურმა მედიამ. ეს ორი ისე აძლიერებს და კვებავს ერთმანეთს, როგორც ნავთი – ცეცხლს. Მიუხედავად სხეულის მიმღებლობის (body positivity) მზარდი ტენდენციისა, არასოდეს ყოფილა სილამაზის სტანდარტი ისეთი მკაცრი, როგორც დღეს. ვითომ ფორმები მოდაში შემოვიდა, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროს, ოდნავი ცელულიტი ან რაიმე მსგავსი დაგეტყოს. ფორმები მხოლოდ მაშინ გეპატიება, თუ სოციალური მედიის ზოგიერთი ვარსკვლავივით ხელოვნურად აზიდულ-გამკვრივებული უკანალით და წვრილი წელით ხარ წარმოდგენილი.
ცოტა ხნის წინ რადიოში ერთ გადაცემას მოვკარი ყური. თემა კოვიდის აცრას და ფილერებს შორის არსებულ კონფლიქტს ეხებოდა. მოწვეული დერმატოლოგი მოუწოდებდა მსმენელებს, კოვიდ აცრასა და ფილერის შეყვანას შორის მინიმუმ ორკვირიანი ინტერვალი დაეცვათ. წამყვანი თავდაჯერებული, მტკიცე ტონით იმეორებდა, რომ “გალამაზება” ნამდვილად აუცილებლობას წარმოადგენს. გალამაზება თუ ადრე სახის გაწმენდას და მანიკურს მოიცავდა, ის ახლა ჩვენგან უზომო დროს, გამძლეობას და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ბოტოქსი, ფილერი, პლაზმოლიფტინგი, ლაზერი, მეზო – სიას არ აქვს დასასრული. ამ უთვალავი პროცედურის კეთების ასაკიც სულ უფრო დაბლა იწევს.
ურთიერთშეფასებებიც გამკაცრდა. ნაოჭი უპატიებელი სენია. ფილტრის დიქტატმა ყოველდღიურობაში გადაინაცვლა და ერთფეროვანი სტანდარტით დაგვამძიმა. თუ 90-იანების დაფოტოშოპებული სუპერმოდელი მიუწვდომელ სრულყოფილებას ასახიერებდა, ფილტრი გვატყუებს, რომ სინამდვილეს იდეალამდე მხოლოდ სამკარისი ფილერი აშორებს.
ეს ყველაფერი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ძალიან მკტივნეულია, როცა ბოლოს მაინც ის ადამიანი გვხიბლავს, რომელიც შინაგანად ბრწყინავს.
თავის მოვლასა და სილამაზის ძიებაში ვერ ვხედავ პრობლემას. პირიქით, მიმაჩნია, რომ სასიამოვნო თავის მოვლის რუტინა დადებითად განგვაწყობს და გვაბედნიერებს. თავის მოვლა უფლებაა და არა – პრივილეგია. თუმცა ისიც ნათელია, რომ ფილტრების სამყაროში განსაკუთრებული სიფრთხილე და თვითრეფლექსია გვმართებს, რომ სრულყოფილების დევნა მანიაში არ გადაგვივიდეს. საფრთხე დიდია, როგორც არასდროს.